Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

12:20 13.02.2020
„ხედვა თბილისიდან: თურქეთი და საქართველო როგორც ლოგიკური პარტნიორები“

თურქეთის ინგლისურენოვან ყოველდღიურ გაზეთ Daily Sabah-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ხედვა თბილისიდან: თურქეთი და საქართველო როგორც ლოგიკური პარტნიორები“, რომლის ავტორია თედო ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.


პუბლიკაციაში გატარებულია აზრი, რომლის მიხედვით, ორმა მეზობელმა ქვეყანამ - საქართველომ და თურქეთმა - ყველაფერი უნდა გააკეთონ შავ ზღვაზე რუსეთის გაბატონების გეგმების ჩასაშლელად. ამ მხრივ მისასალმებელია თურქეთის ენერგიული მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის.


გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:


„თურქეთი და საქართველო ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი - გვაქვს საერთო ისტორია, გვაქვს საერთო საზღვარი, რომელსაც უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია. როგორც მითხრეს, ძველი თურქული ანდაზის მიხედვით, „ყოველი მეხუთე თურქს ქართული წინაპარი ჰყავსო“. თურქეთის შავიზღვისპირეთი ძველი ქართული სოფლებითაა მოფენილი, იქ საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი ხალხები ერთმანეთში შერევა ხდებოდა. შესაძლოა, სწორედ აქ გაჩნდა ზემოთ ხსენებული ანდაზა. ასეა თუ ისე, ერთი რამ ნათელია: შავი ზღვა ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა, ჩვენი საერთო მომავალი და ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაც.


შავი ზღვა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზსაც წარმოადგენს იმ სუბიექტების მიმართაც, რომლებიც რეგიონში მშვიდობის დაცვისა და საფრთხეების თავიდან აცილების ჩვენეულ ხედვას არ იზიარებს. გასაკვირი არაა, რომ ყველა ქართველი ტაშს უკრავდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დავოსში თავის ამასწინანდელი გამოსვლის დროს მტკიცედ განაცხადა - საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს ყოველგვარი ზედმეტი თუ დამატებითი დაბრკოლებების გარეშეო. ჩვენ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვამბობდით და ამის ილუსტრაცია იმითაც მოვახდინეთ, როცა ფართოდ დავუჭირეთ მხარი ნატოს ოპერაციებს ჩვენი კარგად გაწვრთნილი სამხედრო კონტინგენტით.


ჩვენ მადლობას ვუხდით თურქეთს მხარდაჭერისთვის - განსაკუთრებით ნატოს ზოგიერთი ევროპელი წევრი ქვეყნის აშკარა ოპოზიციის ფონზე. არადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება თურქეთთან ერთი იდეით  გაგვაერთიანებდა - ერთობლივი მიზნებისა და სტრატეგიის შესამუშავებლად ჩვენი საერთო საზღვაო ფრონტის დაცვის მიზნით.


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა უკრაინაში თავისი ამასწინანდელი ვიზიტის დროს ხაზი გაუსვა ამგვარი სტრატეგიის აუცილებლობას და მის განხორციელების საშუალებებს. მან დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცება და ნათლად გამოხატა ის მიზნები, რომლებიც უკრაინას და თურქეთს აქვთ სავი ზღვის რეგიონში. რეჯეფ ერდოღანის სიტყვები და მოქმედება დადებითად იქნა აღქმული როგორც საქართველოში, ასევე ბულგარეთში, რუმინეთში და, ცხადია, უკრაინაშიც. მეორე მხრივ, რაც, პრინციპში, მოსალოდნელი იყო, თურქეთის ლიდერის განცხადებაზე მაინცდამაინც კარგი რექცია არ გამოუხატავთ მოსკოვში.


რუსეთის გეგმები შავ ზღვაზე გაბატონების მიზნით საიდუმლო არ არის.  მოსკოვს ბევრჯერ უცდია შავიზღვისპირა სახელწიფოების, მათ შორის თურქეთის დაშინება თავისი მოქმედებით. სხვათა შორის, ამ მხრივ ყურადსაღებია საქართველოს მაგალითი, რომელსაც რუსეთმა 2008 წელს ორი რეგიონი წაართვა და ჩვენი ქვეყნის სუვერენული ტერიტორია დღემდე აქვს დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ძალისხმევას არ იშურებს მოლაპარაკებისათვის, მათ დასაბრუნებლად. ერთ-ერთ რეგიონს - აფხაზეთს - შავიზღვისპირა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დაკავებული, რაც რუსეთის უპირატესობას აძლიერებს, უკრაინისგან მიტაცებული ყირიმის ჩათვლით. აღნიშნული სანაპირო ხაზი აფხაზეთიდან დაწყებული, საქართველოს დანარჩენ შავიზღვისპირა ნაწილზეც ვრცელდება თურქეთის საზღვრამდე. ამ ფრონტზე საქართველო ერთადერთია, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის დგას.


რუსეთი არ მალავს შავ ზღვაზე თავის ბატონობის მზარდ წყურვილს, ცდილობს პოზიციები განიმტკიცოს სირიასა და ლიბიაში, სადაც მოსკოვი პირდაპირ უპირისპირდება თურქეთის ინტერესებს. კრემლი აქტიურად მოქმედებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში... მაგრამ შავ ზღვაზე გაბატონების გარეშე, ბოსფორის სრუტის გარეშე, მის ამბიციებს პერსპექტივა არ აქვს. ამრიგად, თურქეთისათვის მისი მთავარი სტრატეგია უფრო მსხვილი გეოპოლიტიკური რეგიონებისათვის აქ, შავ ზღვაზე ისახება. და სწორედ აქ იკვეთება ერთმანეთში მძლავრი დინამიკით საქართველოსა და თურქეთის ინტერესები.


აშკარაა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ხედავს თავისი ქვეყნის ახალი გეოპოლიტიკური პოზიციონირების საფუძვლებს. იგი აცნობიერებს იმას, რომ სიტუაცია ადრინდელი აღარ არის: შეიცვალა ის, რასაც რუსები „ძალთა თანაფარდობას“ უწოდებენ, ანუ თურქეთის ინტერესების წინააღმდეგ ბევრი მიმართულებით ახალი გამოწვევებია გაჩენილი. შესაბამისად, თურქეთსაც ჭირდება ახალი პარტნიორები თავისი სტრატეგიის გარდასაქმნელად, ჭირდება ახალი ენერგია თანამშრომლობისათვის, ანუ ის, რაც გააიოლებს და დააჩქარებს გარდაქმნას.


საქართველო თურქეთის სტრატეგიის ცვლილების  ცენტრში უნდა იყოს იმდენად, რამდენადაც ორივე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები და გეოპოლიტიკა არაერთგზის არის შეხებაში ერთმანეთთან. საქართველოს ნატოში გაწევრიანება აუცილებელ და გადაუდებელ ნაბიჯს წარმოადგენს. ამით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უფრო განვითარდება. [ჩვენს შორის] საერთო ცივილიზაციისა და გეოპოლიტიკური სიახლოვის ლოგიკა, საერთო სტრატეგიული გამოწვევების არსებობა უდავოა.

------------

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: გაზეთი Daily Sabah (თურქეთი)

https://www.dailysabah.com/op-ed/2020/02/12/a-view-from-tbilisi-turkey-and-georgia-as-logical-partners

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge